top of page

საბავშვო ბაღი

ბაღი

სკოლამდელი ასაკი ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ პერიოდში ბავშვი თავის თითქმის მთელ ძალისხმევას ფიზიკური სხეულის ჩამოყალიბებას ახმარს. აქ ეყრება საფუძველი მის შემდგომ ჯანმრთელ განვითარებას.
 

გარსი

მცირეწლოვანი ბავშვი მთლიანად შეგრძნების ორგანოა. მისი აღქმის არეალი ძალიან ფართეა. იგი უსიტყვოდ გრძნობს ატმოსფეროს, ყველაფერს სწავლობს მიბაძვით, მაგალითით - იგი მთლიანად გარემოს ანარეკლია. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობისაა, თუ რამდენად ბუნებრივ, ჯანსაღ და მრავალფეროვან გარემოში ატარებს იგი დღის უმეტეს ნაწილს  - რას ხედავს, რას ისმენს, გრძნობს თუ არა თავს მშვიდად და დაცულად.

სკოლამდელი ასაკის ბავშვი უნდა განიცდიდეს, რომ ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან და გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს კეთილგანწყობილნი არიან მის მიმართ და იღებენ მას - „სამყარო კეთილია“.
 

თავისუფალი თამაში

ბავშვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია თავისუფალი თამაში, რომლის დროსაც ფანტაზია ფრთებს შლის და იგი ჯადოსნურ სამყაროში ექცევა. რაც უფრო მარტივია სათამაშო, მით მეტი გასაქანი ეძლევა ბავშვის წარმოსახვას - ხის ერთი უბრალო ტოტი შეიძლება იქცეს უზარმაზარ ხმლად, შემოდგომის ყვითელი ფოთოლი კი ფერიას საწოლი გახდეს. თამაში ჯანსაღი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
 

რიტმი და ჰარმონია

ადამიანიც და ბუნებაც დიდ და პატარა რიტმებში ცხობრობს: ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა, ძილი/ღვიძილი, წელიწადის დროები და ა.შ. საბავშვო ბაღის დღეც სწორედ ამ პრინციპზეა აგებული (იხ. დღის განრიგი). თავისუფალი თამაში და კონცენტრაციის პერიოდი ერთმანეთს ენაცვლება. ყოველდღიური რიტმი ბავშვს აფორმირებს ძალდატანების გარეშე, აძლევს მას სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდას. წელიწადის დიდ რიტმებში ცხოვრებას კი ბუნების მოვლენათა ინტენსიური განცდის გარდა, შესაფერისი შინაარსის ამბების თხრობა, ზეიმები და ფერხულები განაპირობებენ.
 

კვება

ადამიანის საკვები - ხილი, ბოსტნეული და სხვადასხვა მარცვლეული თავისში ატარებს ბუნების იმ ძალებს, რომლებმაც შექმნა იგი - მზის სითბოს, წყლის სიცოცხლეს, მიწის ენერგიას. ცხოველურ საკვებშიც - რძის პროდუქტებში, კვერცხში, თაფლსა თუ ხორცში ქმედებას აგრძელებს ის პროცესები, რომლებიც ამ პროდუქტებმა გამოიარეს ჩვენამდე მოსასვლელად. ამ ძალთა სიჯანსაღეს, მრავალფეროვნებასა და სიჭარბეს - როგორც საკვების ხარისხს, არსებითი მნიშვნელობა აქვს პატარა ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის.

გარდა ამისა პურის ცხობას და საკვების მომზადებას სოციალური და განმავითარებელი დატვირთვაც ენიჭება.

 

ბუნებრივი გარემო და ფიზიკური აქტივობა

სუფთა ჰაერი, სიწყნარე, ყვავილის სურნელი, მწერების ბზუილი და ჩიტების ჭიკჭიკი, ლოკოკინების ცოცვა, ვირის ყროყინის ხმა, ახლად მოწველილი რძის სითბო თუ ცხვრის მატყლის სირბილე - მცირეწლოვანი ბავშვის რეალური, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებია. ბოსტანში, თავლასა თუ სახელოსნოში ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ისინი თითოეული ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია.

ის, რაც საუკუნეების მანძილზე ადამიანის ბუნებრივ გარემოცვას წარმოადგენდა, დღეს ახლიდან აღმოსაჩენი ძვირფასი პედაგოგიური რესურსია.

 

ტრანსპორტირება და ბაღის გადასახადი
საბავშვო ბაღი, უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას თბილისიდან საგურამომდე. დილის 8:40 საათზე გამოვდივართ თბილისში შეკრების ადგილიდან (ვერა, ელბაქიძის დაღმართი) საგურამოს მიმართულებით და 17:00 საათისთვის ვბრუნდებით უკან. ტრანსპორტი აღჭურვილია უსაფრთხოების ღვედებით და მას მართავს გამოცდილი მძღოლი.

საბავშო ბაღის დღე (ტრანსპორტირების გარეშე) 7 საათი გრძელდება და მოიცავს სხვადასხვა სახის სახალისო და განმავითარებელ აქტივობებს, ასევე ადგილობრივი პროდუქციით დამზადებულ სამჯერად კვებას. საბავშვო ბაღის დღის განრიგი იმგვარადაა აწყობილი, რომ იგი არ ითვალისწინებს დღის ძილს, შესაბამისად ჩვენთან ბაღში ბავშვების მოყვანა დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდანაა სასურველი.

 

რაც შეეხება ბაღის საფასურს - ის თვეში 500 ლარს შეადგენს ტრანსპორტირების გარეშე. 
 

საბავშვო ბაღში მიღებაზე განაცხადის გასაკეთებლად, შეგიძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

bottom of page