top of page

მისია

გასული ასწლეულის მანძილზე, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ცივილიზებულმა საზოგადოებებმა მრავალფეროვანი განვითარებისა და გარდატეხების პერიოდები გაიარა.

თუკი ადრე ადამიანი ბუნებასთან ჭიდილში ცდილობდა შემეცნებისა და კეთილდღეობის მოპოვებას, თანამედროვე დღის წესრიგში გარემოსთან პარტნიორული, პასუხისმგებლობით განმსჭვალული დამოკიდებულება დგას. სწავლის პროცესში მხოლოდ ანალიზური, სისტემატიკაზე და ნომინალიზმზე დაფუძნებული ცოდნის საპირისპიროდ, დღეისათვის მნიშვნელოვანია ინტეგრატიული და ჰოლისტური მიდგომები. ფაქტობრივი ცოდნის დაგროვების მიღმა ყურადღება ენიჭება აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას, მანძილის შემცირებას თეორიასა და პრაქტიკას შორის.

თუკი ადრე ადამიანის სოციალურ კომპეტენციას განაპირობებდა გარეგანი, საზოგადოებრივი თუ იდეოლოგიური წესრიგი, თანამედროვე ადამიანისათვის ეთიკური და ზოგად-ადამიანური ღირებულებების აღზრდა მნიშვნელოვანია პიროვნების თავისუფლებისა და ავთენტურობის პატივისცემით.

გასული საუკუნის მე-2 ნახევრიდან, აქტიური ურბანიზაციის პირობებში, ახალგაზრდა თაობამ თან-და-თან დაკარგა კავშირი ცოცხალ ბუნებასთან, მოკლებულია ხელსაქმესთან და ყოფით რეწვასთან ელემენტარული შეხების გამოცდილებას. მაშინ, როცა სოფლის მოსახლეობის ნაწილი დასაქმების ძიებაში ჯერ კიდევ ინდუსტრიული ცენტრებისაკენ მიისწრაფვის, ქალაქის მაცხოვრებელთა შორის უკვე შეინიშნება ეკოლოგიური პრობლემატიკის მზარდი გაცნობიერება და ალტერნატიული განვითარების გზების ძიების სურვილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგურამოს სკოლა თავის ამოცანად მიიჩნევს თანამედროვე ადამიანის აღზრდას, მოსწავლეთათვის კაცობრიობის კულტურული მონაპოვარისა და მეცნიერების მიღწევათა გაცნობას, მოზარდთა აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების გაღრმავებას, ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, ახალგაზრდების ჯანმრთელი ფიზიკური და ფსიქიკური ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

 

ამ მიზნებისათვის საგურამოს სკოლას მნიშვნელოვნად მიაჩნია:

 

  • სწავლა ინტერესით

  • საკუთარი აღმოჩენების გზით სვლა, ყველა საგანში შემოქმედებითი პროცესი,

  • ინდივიდუალური მიდგომა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება,

  • საგანთა შორის კავშირების, ხედვის მთლიანობის ხელშეწყობა,

  • სკოლაში გატარებული დრო, როგორც ცხოვრების ღირებული ნაწილი,

  • მაგალითის მნიშვნელობა და სოციალური კომპეტენციის აღზრდა,

  • ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა,

  • ცოცხალ ბუნებასთან კავშირი, ჯანსაღი კვება,

  • თავისუფალი ნების განვითარება,

  • მრავალფეროვან გარემოში სხვადასხვაგვარი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა,

  • საკუთარი შესაძლებლობების გაცნობა და გაღმავება,

  • სწორი პროფესიული არჩევანის ხელშეწყობა.

 

 

საგურამო, 2018 წლის 9 მაისი


 

bottom of page